ღვინის სამშობლო
საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს, უძველესი დროიდან ითვლება ვაზისა და ღვინის სამშობლოდ. სწორედ აქ აღმოცენდა პირველად ღვინის წარმოების კულტურა. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა: დოქები, რომელშიც ჩარჩენილია ყურძნის წიპწები, ღვინის დასამზადებელი თიხისა და მეტალის ჭურჭელი, სამეურნეო იარაღები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V ათასწლეულით თარიღდება.
ქართული მეღვინეობის ისტორია უშუალოდ უკავშირდება ქართველი ხალხის ისტორიას, კულტურას, რელიგიას. ჩვენი ერის შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი გამოიხატა ქართულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დარგებში.
საქართველო ითვლება მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად და მაღალხარისხოვანი ღვინოების წარმოების რეგიონად. ისტორიულად დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა 500 –ზე მეტი ჯიშის ყურძენი. დღესდღეობით შემორჩა და ფართოდ გამოიყენება 27 მათგანი.
ქართული ღვინის განსაკუთრებულობას და განუმეორებელ გემოს ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უწყობს ხელს. საქართველოში ვაზის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ქვეყანის მდებარეობით სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატური სარტყლების მიჯნაზე. აქ არის ვაზისათვის ნოყიერი ნიადაგი, კავკასიონის მთები იცავს საქართველოს ჩრდლოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრისაგან. მნიშვნელოვანიაა აგრეთვე შავი ზღვის გავლენაც.