პროდუქცია
“რთველი”
ყურძნის კრეფას საქართველოში “რთველი” ეწოდება, რომელიც როგორც წესი სექტემბრის ბოლოს იწყება და გრძელდება დაახლოვებით ორი კვირა. ქართველი კაცისთვის რთველი ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც იგი  მოუთმენლად ელოდება. მთელი წლის განმავლობაში გლეხი შვილივით უვლის ვაზს, რათა შემოდგომაზე ქვევრში დაავანოს მისი ნაჟური. 
  ყურძნის კრეფა დილით ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. კრეფისას ვენახიდან ისმის სიმღერები. როგორც წესი კრეფაში მონაწილეობენ მეზობლები, ნათესავები, ქალაქიდან ჩამოსული სტუმრები. მოკრეფლი ყურძენი თავსდება მოწნულ გოდრებში, რომლითაც ყურძენი მიაქვთ მარნამდე. დღის ბოლოს ყველანი იკრიფებიან სუფრასთან და ერთად აღნიშნავენ ნაყოფიერ დღეს. რთველის დამთავრება ქართველი კაცის ამოსუნთქვას ნიშნავს და იწყება შედარებით მშვიდი, ხვავრიელი სტუმრიანობის პერიოდი.
  ამავდროულად ყოველ შემოდგომას, რთველის დამთავრებითანავე, საქართველოში იმართება მრავალათასიანი ზეიმები: “თბილისობა”, “მცხეთობა”, “ალავერდობა”, ღვინის ფესტივალები. სტუმრებს უმასპინძლდებიან სხვადასხვა ღვინოებით და კერძებით, რომლებიც პირდაპირ მათ თვალწინ მზადდება. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ ოჯახური ღვინოები, დაყენებული ძველი ქართული ტექნოლოგიებით, ასევე ბოთლებში ჩამოსხმული ევროპული სტანდარტებით დამზადებული ღვინოები. დატკბებით ქართული სიმღერებით და ცეკვებით და სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენებით. აქვე იმართება კომპანიების საფირმო პროდუქციის, ოჯახური ღვინოების და და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

“რთველი”
“ძველიუბანი”
თავბრუდამხვევად გაიზარდა ცხოვრების რიტმი ჩვენს დროში. ძველი ინგრევა და ახალს  უთმობს ადგილს. ვერც 1550 წლის თბილისი გადაურჩა დროის ამ ფერხულს. მაგრამ ქალაქის ძველმა უბნებმა მაინც შეინარჩუნეს განუმეორებელი კოლორიტი და სილამაზე.  გადმოკიდებული თბილისის აივნები,  სწორსახურავიანი კოხტა- ბანიანი სახლები, რომელზედაც იკრიფებოდა მთელი ოჯახები, მეზობლები,  იყო ადამიანების ურთიერთობის  შესანიშნავი საშუალება. ეს აივნები, ვიწრო ქუჩები, იმდენად ახლოს იდგა ერთმანეთთან, რომ ერთი სახლიდან დალეულ სადღეგრძელოს, ქუჩის მეორე მხარეს აივანზე ალავერდს გადადიოდნენ. დრო ულმობელია, ახალი უნდა აშენდეს, მაგრამ ძველსაც მოვლა უნდა. ამ ჭურჭელში უძველესი კახური ღვინო „საფერავი“ ასხია, რომელსაც მრავალი საუკუნის წინ სვამდა ჩენი წინაპარი და როდესაც გახსნით ამ ჭურჭელს გაიხსენეთ ისინი, თქვენი ბავშვობა, ამ ქვეყნიდან წასულები და რომელი ქვეყნის შვილიც არ უნდა იყოთ ეს ღვინო მომავლის იმედს ჩაგისახავთ და ძალას შეგმატებთ.
შესვი!   გაამოს!

“ძველიუბანი”
“თამადა”
ქართულ სუფრაზე მიუხედავად მისი სიდიდისა აუცილებლად უნდა იყოს თამადა. თამადა არის სუფრის ხელმძღვანელი. მას ირჩევენ სუფრის წევრები ან ნიშნავს მასპინძელი, როგორც სუფრის გამოცდილ  ორგანიზატორს. თამადობა საქართველოში ხელოვნებაა და არჩევის მიუხედავად თამადა არის დიქტატორი სუფრაზე, რომელსაც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ სუფრის წევრები. საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრების აზრით თამადა ყველაზე სასიამოვნო დიქტატორია, იგი სუფრაზე ამყარებს ე.წ. დემოკრატიულ დიქტატურას,  რადგანაც ყურადღებას აქცევს სუფრის თითოეული წევრს, რათა მან თავი კარგად და კომფორტულად იგრძნოს და ღვინის სმის პროცესი არა მარტო თრობის, არამედ კარგი დროსტარების ზეიმად გადააქციოს. თამადა უნდა იყოს მჭერმეტყველი, ჭკვიანი, ინტელექტუალური, იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული, სწრაფად მოაზროვნე. ახალ სადღეგრძელოს წარმოსთქვამს მხოლოდ თამადა და დანარჩენი წევრები ანვითარებენ მის ნათქვამ სადღეგრძელოს.  თამადამ ორიგინალურად და ემოციურად უნდა ისაუბროს ჩვეულებრივ ამბებზე, რომელსაც ყველა სუფრაზე გაიგონებ. საუკეთესო თამადები უნდა იყვნენ გარკვეულწილად პოეტებიც და მომღერლებიც, მან უნდა გაუკეთოს ორგანიზება მრავალხმიან ქართულ სიმღერებს, რის გარეშეც წარმოუდგენელია სუფრა. იგი აგრეთვე უნდა აკვირდებოდეს, ხომ არ მოიწყინა რომელიმე სუფრის წევრმა და უნდა ეცადოს მისი ყურადღების მოპყრობა, სპეციალური სადღეგრძელოს “ალავერდის” მასთან გადასვლით, რაც ნიშნავს სადღეგრძელოს თქმის ექსკლუზიური უფლების გადაცემას. და ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის რომ თამადა უნდა იყოს კარგი მსმელი, იგი ბოლომდე სვამს სასმისებს, აპირქვავებს მათ და სხვებსაც მოუწოდებს სასმისის ბოლომდე დაცლას შეძახილით “ბოლომდე”. თამადა ზოგჯერ განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს განსხვავებული სასმისით სვამს, როგორიცაა სხვადასხვა ტევადობის  ვაზა, ყანწი, თასი, ჭინჭილა, კულა, აზარფეშა და სხვა.  ხანდახან  კი გამოიყენება სასმისიდან შორს მყოფი საშუალებები, მაგალითად:  ლამფის შუშა, კრამიტი,  ან ლამაზი ქალის ფეხსაცმელი და სხვა. ტრადიციულად ყველაზე გავრცელებული სასმისია ქართულ სუფრაზე ჯიხვის, ან  სხვა რქოსანი ცხოველების რქები, რომელსაც “ყანწი” ეწოდება.

“თამადა”
“ველისციხე”
ველისციხე - ესაა, 1500 წელზე მეტი  ისტორიის მქონე, საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სოფელი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთში. სოფლის შუაგულში იყო ციხე და სოფლის სახელიც აქედან წარმოდგება. იგი იყო სტრატეგიული პუნქტი და მთელ საქართველოს იცავდა აღმოსავლეთიდან მტრის შემოსევისგან. აქაა რამდენიმე ისტორიული შენობა, რომელთა შორის უძველესია მე-5 საუკუნის ეკლესია. სოფლის უხუცესები ამბობენ, რომ არსებობდა 35 კმ.სიგრძის გვირაბი გათხრილი სოფლიდან ჭერემის ხევამდე, რომელიც გამოიყენებოდა მოსახლეობის ევაკუირებისათვის მტრის შემოსევის დროს. 2010 წელს ეკლესიის მღვდელმა აღმოაჩინა გვირაბში შესასვლელი თაღი. ამჟამად არქეოლოგები განაგრძობენ მის შესწავლას. 
  სოფლის გარშემო მომიჯნავე ალაზნის ველზე, ვენახებია გაშენებული. ალაზნის ველი ესაა ღვთივკურთხეული ადგილი, რომელიც ოაზისურ პირობებს უქმნის ყურძენს, იგი  გადაშლილია უზარმაზარ ფართობზე (200 კვ.კმ), რომლის შუაში ჩამომდინარე ალაზანი, სარწყავი წყლით ამარაგებს ვენახებს. ველს, გარშემო აკრავს კავკასიონის მთები, რომელიც იცავს ვენახებს ჩრდილოეთის სიცივეებიდან. ეს ველი პირდაპირ მზესაა მიფიცხებული. შემოდგომა აქ მზიანი და ბარაქიანი იცის და ყურძენი ვენახებში   ივსება და იტენება მზის ენერგიით.  
  ველისციხის მარნებში ამ ყურძნიდან საუკეთესო ღვინო იწურება. გასინჯეთ  ამ ლამაზ თიხის ჭურჭელში ჩასხმული “ალაზნის ველი” და თქვენ იგრძნობთ კახური შემოდგომის სურნელს.


“ველისციხე”
“ალავერდი”
ალავერდს ქართულში ორი მნიშვნელობა გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ესაა ქართული არქიტექტურის მშვენება, შუა საუკუნეების წმ.გიორგის სახელობის ტაძარი. ეს ძეგლი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში- კახეთში, რომელიც მეXX საუკუნის ბოლომდე ცნობილი იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მაღალი ეკლესია (მისი სიმაღლე 50 მეტრზე მეტია). ამ ტაძარშია მოთავსებული კახეთის მეფეების  სამარხები. ალავერდი არა მარტო რელიგიური ცენტრია კახეთში, არამედ საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ქართული კულტურის კერასაც. აქ მოღვაწეობდა ბევრი გამოჩენილი პიროვნება რომლებსაც ცოდნა და სინათლე შეჰქონდათ ხალხში. ალავერდის ტერიტორიაზე თავიდანვე დაარსდა მამათა მონასტერი და აქ მომსახურე ბერები მისდევდნენ მებაღეობა-მევენახეობას, უვლიდნენ ხორბლის ყანებს. აქვე იყო მარანი და ქვევრში აყენებდნენ მაღალი ხარისხის ღვინოს რელიგიური რიტუალების შესასრულებლად. საეკლესიო ღვინო აუცილებლად წითელი ყურძნიდან ყენდება. მას „ზედაშე“ ეწოდება და მისი ქვევრში დაწურვა მთელ რიტუალთანაა დაკავშირებული. ალავერდში ამჟამად აღდგენილია ძველი მარანი, სადაც დავარგებულია ზღაპრული ხარისხის საეკლესიო ღვინოები.
  ალავერდის მეორე მნიშვნელობა გამოიყენება ქართულ სუფრებზე. თამადა წარმოსთქვამს სადღეგრძელოს და პატივისცემის ნიშნად, მის შემდეგ სადღეგრძელოს თქმის ექსკლუზიურ უფლებას ალავერდით გადადის სუფრის რომელიმე წევრთან. თითოეული წევრი, ვისთანაც გადავიდნენ ალავერდს ცდილობს წარმოთქვას იგივე სადღეგრძელო განსხვავებულად და ორიგინალურად და თავად გადავიდეს ალავერდი სუფრის სხვა წევრთან. ალავერდს გადადიან სუფრის წევრთან მეგობრობის, პატივისცემის და დაფასების ნიშნად. 

“ალავერდი”
“გოდორი”
გოდორი უძველესი და ფრიად გავრცელებული ჭურჭელია ქართულ მეურნეობაში. იგი არის წნელის ან ტკეჩისაგან მოწნული მაღალი, ყურიანი, მრგვალი ან ოთხკუთხედი ჭურჭელი. იყენებენ ყურძნის, სხვა ხილის, ბოსტნეულის, ჩაის ფოთლის, საქონლის საკვების და სხვ. გადასაზიდად. გოდრის ტევადობა 30 დან 300 კილოგრამამდე აღწევს. მაღალმთიან რაიონებში თიხით ამოლესილ გოდრებს ხმარობენ მარცვლეულის შესანახად. გოდორი განსაკუთრებით მოხერხებულია ყურძნის გადასატანად, რადგანაც მოკრეფილ ყურძენს რთველში დიდხანს მზეზე ყოფნა უწევს. გოდორში ჩაყრილი ყურძენი აერაციას განიცდის და ნაკლებად იჭყლიტება.
“გოდორი”
1