ახალი ქარხანა ქედაში
2014.11.27
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" კიდევ ერთი პროექტი აჭარის მაღალმთიან რეგიონში, კერძოდ ქედაში განხორციელდა. ღვინის ქარხანა დასავლური,  გურია-აჭარის უნიკალური  ყურძნის ჯიშების მიღება-გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული. საწარმოს მშენებლობა ა. წ. აპრილის თვეში დაიწყო. განხორციელდა ძველი შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და აშენდა ახალი ღვინის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიით, ცისტერნებითა და სამაცივრე მეურნეობებით. სრული დატვირთვის პირობებში ღვინის საწარმო 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავებას შეძლებს და მუდმივად დასაქმებული იქნება 20 ადგილობრივი კადრი. აღნიშნულ პროექტზე კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" მიერ განხორციელდა ერთ მილიონიანი ინვესტიცია, აქვე აღსანიშნავია, სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს მხარდაჭერა შეღავათიანი აგროკრედიტის კუთხით, რომელიც ჯამში 600000 აშშ დოლარის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას მოიცავდა.

ღვინის ტურიზმის განვითარების მიზნით, ქარხნის ტერიტორიაზე აშენდა "აჭარული დარბაზი", სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ადგილობრივ სამზარეულოს და დააგემოვნონ კომპანიის საფირმო ღვინოები. აქვე, მდინარე აჭარის წყალის მიმდებარედ, კომპანია KTW აშენებს ხილის გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც ასევე მორგებული იქნება ევრო სტანდარტებს და აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიით. პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, რომელიც ითვალისწინებს გრანტსა და შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის.

იხილეთ გალერეა